სომხეთს ბათუმის ნავსადგურის ყიდვა სურს – ერევანი საზღვაო ფლოტს ქმნის?

0
295

სომხური გაზეთის „ჟამანაკის“ ინფორმაციით, ერევანი დაინტერესებულია ბათუმში საზღაო პორტი შეიძინოს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა. საწყისი ფასი – 600 მილიონი ამერიკული დოლარი.

„სომხეთის სხვადასხვა ბიზნეს- და პოლიტიკური წრეები ცდილობენ თანხის შეგროვებას ნავსადგურის შესაძენად, რათა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ტვირთების ტრანსპორტირება გაიოლდეს“, – წერს „ჟამანაკი“.

გაზეთის წყაროების თანახმად, განიხილება სააქციო საზოგადოების შექმნის იდეა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიასპორის წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ სომეხ ბიზნესმენებს. „საქმის წარმატებისათვის აუცილებელია, რომ ვინმემ სასტარტო თანხის ინვესტირება მოახდინოს, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს“, – აღნიშნავს გაზეთი.

ამჟამად ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მფლობელია ყახაზეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“.

სხვათა შორის, რუსულმა მასმედიამ დღეს, 18 დეკემბერს გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც სომხეთის მიერ საქართველოს შავი ზღვის პორტებით სარგებლობას შეეხება.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Eurasia Daily იუწყება, დღეს ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარლამენტის წევრმა მიქაელ მელქუმიანმა (პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა), რომელიც რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივი კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, განაცხადა, რომ სომხეთი მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან ორი ბორანის შესყიდვის შესახებ, შავ ზღვაზე ტვირთების ტრანსპორტირებისათვის.

პარლამენტის წევრის თქმით, როცა ქერჩის სრუტეზე ხიდი აშენდა, რუსეთს რამდენიმე ბორანი გამოუთავისუფლდა, რომლებსაც ადრე სრუტეში ტამანიდან ყირიმში (და პირიქით) ტვირთების გადასატანად იყენებდა. ბორნების ფასი, პრინციპში, სომხეთისათვის მისაღებია: „მოლაპარაკება მიმდინარეობს… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა მიქაელ მელქუმიანმა და რწმენა გამოხატა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ სომხეთს, ყაზახეთის მსგავსად, შესაძლებლობა ექნება საქართველოს ნავსადგურებში – ბათუმსა და ფოთში ტერმინალები გახსნას.

აქვე შევნიშნავთ, რომ სომხეთზე, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ვრცელდება 1958 წლის გაეროს კონვენცია ღია ზღვის თაობაზე. ჟენევაში მიღებულმა ამ დოკუმენტში პირველად იქნა შეტანილი დებულება იმის შესახებ, რომ შიდაკონტინენტური სახელმწიფოები „ზღვაზე თავისუფლად უნდა იქნენ დაშვებულნი“ და რომ მათ უნდა „ისარგებლონ იგივე უფლებით, როგორიც სანაპირო სახელმწიფოებს აქვთ“. აღნიშნული კონვენციის პრეამბულის მიხედვით, სანაპირო სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მისცენ ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობა იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.ekhokavkaza.com/a/30332039.html

https://rusarminfo.ru/2019/12/18/armeniya-xochet-kupit-port-batumi-gazeta/

https://eadaily.com/ru/news/2019/12/18/armeniya-mozhet-zakupit-u-rossii-paromy-erevan-sozdayot-svoy-torgovyy-flot

https://newsarmenia.am/news/armenia/armeniya-sobiraetsya-kupit-morskoy-port-v-batumi-smi/