გამომძიებლის დასაკავებლად ბავშვის გარდაცვალებას არ ველოდებოდით -ლონდა თოლორაია

0
250

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, თითქოს ელოდებოდნენ ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის დაკავების გადაწყვეტილება. ამის შესახებ თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მარიანა ჩოლოიანი 15:00 საათიდან მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და ამის შემდეგ გადაწყდა მისი დაკავება. 

“იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და ამის შემდეგ იქნა დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, ვერ დავეთანხმები. ვმუშაობთ 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირის დაკავებას, რომლის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ მოერიდება”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული.