„აშშ სამჯერ ეცადა შავ ზღვაში დამკვიდრებას, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა ვაშინგტონი ღუზის ჩაშვების იმედს მაინც არ კარგავს“ – «Cumhuriyet»

0
221

„აშშ სამჯერ ეცადა შავ ზღვაში დამკვიდრებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ – მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრები არიან, შავი ზღვა არარეგიონული სახელმწიფოებისათვის დახურული რჩება…. თუმცა ვაშინგტონი მაინც არ კარგავს იმედს, რომ შავ ზღვაში ღუზას ჩაუშვებს. მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს? – ასეთი კითხვაა დასმული თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის გაზეთ «Cumhuriyet»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – მეჰმედ ალი-გიულერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„აშშ-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს შავ ზღვაში დამკვიდრება წარმოადგენს. ვაშინგტონის მიზნების შესრულებას კი მონტრეს 1936 წლის კონვენცია აბრკოლებს.

როგორც ცნობილია, ეს დოკუმენტი შავ ზღვაში არარეგიონული სახელმწიფოების სამხედრო ხომალდების შესვლას ზღუდავს: ერთი მხრივ – ტონაჟის მიხედვით (45 ათასამდე) და მეორე მხრივ – ვადების მიხედვით (არა უმეტეს 21 დღე-ღამე).

შეიძლება ითქვას, რომ მონტრეს კონვენცია შავი ზღვის უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს: ამ ხელშეკრულებით თავის დროზე თურქეთმა და საბჭოთა კავშირმა (რუსეთმა) შავი ზღვა დასავლელი იმპერიალისტური ქვეყნებისათვის „დახურეს“ და თანაც ისე მტკიცედ, რომ ცივი ომის დროსაც კი ამერიკელებმა ნატოელი მოკავშირე თურქეთი კონვენციის დარღვევაზე ვერ დაითანხმეს!

აშშ-ის ოთხი სვლა შავ ზღვაში

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ალყაში მოქცევა დაიწყო, იმავდროულად შავ ზღვაში დამკვიდრებასაც შეეცადა.

აშშ-ის პირველი ნაბიჯი გახდა შავიზღვისპირა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების დასავლურ ბანაკში მიღება: 2004 წელს ბულგარეთი და რუმინეთი ნატოში გაწევრიანდნენ, 2007 წელს კი – ევროკავშირშის წევრები გახდნენ. მას შემდეგ აშშ აქტიურად ცდილობს ამ ქვეყნებში თავისი სამხედრო ძალების თავმოყრას.

მეორე ნაბიჯით ვაშინგტონი შეეცადა კავკასიაში განმტკიცებულიყო და შავი ზღვის უსაფრთხოებაში ბზარი აღმოსავლეთიდან შეეტანა: 2004 წელს საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მედასავლეთე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, ცოტა ხანში კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესიც დაიწყო. ოსებმა, რუსეთის წაქეზებით, დასავლეთის წინაშე კაპიტულაცია არ მოისურვეს და როცა მიხეილ სააკაშვილმა მათი დამოუკიდებლობის მცდელობის წინააღმდეგ გაილაშქრა, მოსკოვმა სამხედრო ჩარევა განახორციელა.  შედეგი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება „თაროზე შემოიდო“, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. მოკლედ, აშშ-ის მეორე ნაბიჯი წარუმატებელი გამოდგა.

მესამე ნაბიჯი ვაშინგტონმა ჩრდილოეთიდან გადადგა, უკრაინიდან, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა კონტრსვლა განახორციელა – ყირიმი უკრაინას ჩამოაცილა და ამით ხელი შეუშალა ამერიკას დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში. უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

და როგორც ჩანს, აშშ-ის მეოთხე ნაბიჯი იქნება მარმარილოსა და შავი ზღვების ერთმანეთთან შემაერთებელი არხი „სტამბოლი“, რომელსაც ვაშინგტონი შავ ზღვაში დამკვიდრების რეალურ შანსად მიიჩნევს! არხი „სტამბოლი“ შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკამ გვერდი აუაროს მონტრეს კონვენციას, თანაც ამაში ვაშინგტონს თვითონ თურქეთის მთავრობა ეხმარება!

აშშ მონტრეს კონვენციის წინააღმდეგ

შვეიცარიის ქალაქ მონტრეში 1936 წელს დადებული კონვენციის გვერდის ავლას აშშ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. წინა წლებში იანკებმა ვერა და ვერ შეძლეს დოკუმენტის ცალკეული დებულებების შესწორება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ახლა კი „სტამბოლის“ მეშვეობით ისინი შანსს იღებენ, რომ მონტრეს კონვენცია საერთოდ ფარატინა ქაღალდად აქციონ!

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ მონტრეს კონვენცია 20 წლით იყო დადებული და მას ვადა 1956 წლისათვის უნდა გასვლოდა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო მისი დენონსირება დოკუმენტზე ხელმომწერ თუნდაც ერთ სახელმწიფოს განეხორციელებინა. რადგანაც, კონვენციის მიხედვით, შავი ზღვა რეგიონულ ზღვად ითვლება და დახურულია არარეგიონული ქვეყნებისათვის, თავის დროზე [თურქეთისა და რუსეთის ფაქტორის გამო] ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა დოკუმენტის გაუქმება.

სწორედ ამ მიზეზის გამო დაიწყო ამერიკამ იმ თეზისის გავრცელება, რომ შავი ზღვის აკვატორია თურმე „საერთაშორისო წყლებად“ ითვლება, თუმცა თურქეთი მისი წინააღმდეგი იყო. გავიხსენოთ ის ფაქტი, თუ როგორ დაუსვა წერტილი ამ თეზისს თავის დროზე თურქეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ილკერ ბაშბუგმა: „შავი ზღვის სტატუსის საკითხი მხოლოდ შავიზღვისპირა ქვეყნების გადასაწყვეტია“.

აშშ შავ ზღვაში – რეჯეფ ერდოღანის შეცდომა

ბოლო წლების განმავლობაში ამერიკამ შავ ზღვაში შესვლის მცდელობა ნატოს მეშვეობით დაიწყო. უფრო მეტიც – ამ მცდელობის პოლიტიკურ საფუძვლად იქცა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მოწოდება იენს სტოლტენბერგისადმი – ნატოს გენერალური მდივნისადმი 2016 წლის 11 მაისს (ეს ის დროა, როცა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გაუარესებულია სირიაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამო – ს.კ.): „თქვენ სრულიად არ აქცევთ ყურადღებას შავ ზღვას, რომელიც პრაქტიკულად რუსული ზღვა ხდება. ჩვენ შავი ზღვა კვლავ სტაბილურობის კერად უნდა ვაქციოთ“.

ნატოს ვარშავის სამიტზე, 2016 წლის 8-9 ივლისს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ნატოს ყოფნის განმტკიცების თაობაზე. დასკვნით კომუნიკეში აღინიშნა, რომ რუსეთის სამხედრო გააქტიურება (შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება და ყირიმის სამხედრო ბასტიონად გადაქცევა – ს.კ.) საფრთხეს წარმოადგენს ნატოელი მოკავშირეებისათვის (და სხვა ქვეყნებისთვისაც).

მოგვიანებით დოკუმენტში სათაურით „ნატო: მზადყოფნა სამომავლოდ“, რომელსაც იენს სტოლტენბერგის ხელმოწერა ამშვენებს, ითქვა, რომ ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები 2018-2019 წლებში შავ ზღვაში თავიანთ ყოფნას უფრო აქტიურად განახორციელებენ და მის აკვატორიაში წელიწადში 120 დღეს დაჰყოფენ. 2019 წლის აპრილში კი ნატომ შავი ზღვა „ბრძოლის არენად“ მონათლა.

„სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობა“

როგორც ვხედავთ, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მიერ ინიცირებული პროექტი – არხი „სტამბოლი“ – ამერიკას ნებას აძლევს იოლად მიაღწიოს იმ მიზანს, რომლის მიღწევასაც ვაშინგტონი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა – შავ ზღვაში ღუზის ჩასაშვებად.

თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც დღეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (თურქულ კვიპროსსა და სირიაში – ს.კ.) ანტითურქულ ფრონტს ქმნის, ხოლო სამხრეთში – „ტერორისტულ დერეფანს“ თურქეთის წინააღმდეგ, ახლა ჩრდილოეთშიც – შავ ზღვაშიც გაბატონდება, თანაც ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტიის ხელშეწყობით, ეს იქნება ნამდვილი „სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობა“!

თურქეთმა ეს არ უნდა დაუშვას!“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://inosmi.ru/politic/20191218/246457259.html

http://cumhuriyet.com.tr/koseyazisi/1708425/kanal-istanbul-natoya-karadeniz-yolu.html