„ქართულმა ოცნებამ“ წალენჯიხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა

0
30

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” წალენჯიხაში, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.მხარდამჭერებს კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა წარუდგინეს.

ალექსანდრე მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რასაც ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს.

„წალენჯიხაში ეკონომიკის წამყვანი დარგები ყოველთვის იყო მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და დღეს, როდესაც სახელმწიფო წარმოებისა და აგრარული სფეროს მხარდაჭერის ასეთ ქმედით, ეფექტიან პროგრამებს გვთავაზობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წალენჯიხა გახდეს მაგალითი დანარჩენი რეგიონებისათვის, როგორც საუკეთესო გამოცდილებისა და სათანადო ექსპერტული ცოდნის მფლობელი, თანამედროვე მეთოდებით მომუშავე, კონკურენტუნარიანი და მზარდი შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტი. ამის მიღწევა ინდივიდუალურად, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და მეურნეებისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ერთობლივად და ორგანიზებულად, სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მასშტაბური წარმატების მიღწევას და მთელი რიგი დარგების წამოწევას შევძლებთ. ეს იქნება ჩემი უმთავრესი საზრუნავი და თქვენი იმედიც მაქვს, რადგან ვიცი თქვენი შრომისმოყვარეობის და საქმისადმი ერთგულების ამბავი, ჩვენ ერთობლივი მონდომებით ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

მან ასევე მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის პროგრამებზე, განათლებაზე და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას ჩხოროწყუსა და მარტვილშიც წარადგენს.