კანონდარღვევა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა – მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

0
261

 

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თეონა  გვაზავა აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებული  გამომძიებელი ბრალდებას არ აღიარებს.

მისი თქმით, ჩოლოიანს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.

„ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა მუხლი, რომლითაც დაკავებულია – ჩვენების იძულება, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ვეთანხმებით. ბრალდებული არ აღიარებს ამ ბრალდებას, იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. დღის ბოლომდე საქმის მასალები გადმოგვეცემა და უფრო დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას პოლიციის განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, მისი პოზიციაა, რომ რამე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. „რამე სახის კანონის დარღვევას, რამე სახის იძულებას ან კანონით გაუთვალისწინებელ ქმედებას არც ერთი პოლიციელის, მათ შორის ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ კანონდარღვევა და იძულება პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში  გუშინ გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.