საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია დაინიშნა

0
2140

საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია დაინიშნა. გიორგი სალაყაია აღნიშნულ თანამდებობაზე სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობამ წარადგინა. საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარების ბრძანებას ხელს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აწერს.

„2019 წლის 25 ნოემბრით დათარიღებული საკონსულო პატენტის საფუძველზე, გიორგი სალაყაია საქართველოს ხელისუფლების მიერ აღიარებულია, როგორც ქალაქ თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსული. საკონსულო ოლქი, რომლის ფარგლებშიც ბატონი გიორგი სალაყაია შეასრულებს თავის ფუნქციებს, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სან-მარინოს საპატიო კონსული ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, რომელიც 2014 წელს მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მეღვინემ დოქტორმა დონატო ლანატიმ შეცვალა.

სან მარინოსა და საქართველოს შორის მრავალი წელია, ორმხრივი თანამშრომლობაა. 2013 წელს, სან- მარინოში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე. 2015 წლის 18-20 ნოემბერს, საქართველოს ვიზიტით ეწვია სან- მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი პასკუალე ვალენტინი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ. საქართველოსა და სან- მარინოს შორის დადებულია 3 შეთანხმება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

როგორც გიორგი სალაყაიამ განაცხადა, მისთვის სან-მარინოს საპატიო კონსულად დანიშვნა დიდი პასუხიმგებლობაა. მისი თქმით, ის ძალიხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოსა და სან-მარინოს შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს.

სან-მარინოს რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ტერიტორია, ამავე სახელწოდების დედაქალაქის ჩათვლით, 9 უძველესი ქალაქი-კომუნისგან შედგება.