„მწვანე სკოლაში“ სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა

0
194

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მდუმარე აქცია იმართება, რომელიც სამგლოვიაროა. ამის ნიშნად, მონაწილეებმა შსს-ს ღობეზე გლოვის ნიშნად შავი ლენტები შეაბეს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

“მწვანე სკოლაში” კი სადაც მოზარდმა წარწერა დატოვა, რამდენიმე დღით სწავლა შეწყდა. სკოლაში დღეს გლოვის დღეა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა.

სკოლის ფასადზე აქციის მონაწილეებმა წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს, 21:10 საათზე გული გაუჩერდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ჩვენების იძულებით აღების ბრალდებით დააკავა.