ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა

0
313

 

2019 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 992,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა). ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის 1-ელ 11 თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით) შეადგინა.

„მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, თუმცა, სექტემბრიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა 327,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.

 ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა – 297,6 ათასი ტონა განხორციელდა რუსეთიდან, რაც მთელი იმპორტის 30%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი – 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი – 111,1 ათასი ტონა (11,2%); ბულგარეთი – 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი – 55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი – 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვა,“-აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.