როგორ მცირდება ირანელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში

0
266

ირანულმა მასმედიამ, კერძოდ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «Mehr»-მა („სიკეთე“ – სპარსულიდან ქართულად) გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელთა თანახმად, ოქტომბრის თვეში ირანელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,5%-ით შემცირდა (ცნობისათვის: 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ირანის 19 522 მოქალაქე ეწვია, ხოლო 2019 წლის ოქტომბერში – 12 792).

თეირანის გაზეთ «Tehran Times»-ში 16 დეკემბერს დაბეჭდილ პუბლიკაციაში ირანელ მოქალაქეთა საქართველოში ვიზიტებს კომენტარს უკეთებს ირანის ტურიზმის მინისტრის მოადგილე ვალი თეიმური, რომელიც, ეყრდნობა რა მის ხელთ არსებულ მონაცემებს, ამბობს, რომ პირიქით, ქვეყნის ტურისტული ბალანსი ირანის კალენდარული წლის (21 მარტიდან) პირველ ნახევარში დადებითი რჩება.

„შარშანდელი ეკონომიკური შოკი წარმატებითაა დაძლეული, ირანის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ამან შესაძლებლობა მისცა 4 მილიონ 200 ათასზე მეტ ირანელს საზღვარგარეთ წასულიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 15,95%-ით მეტია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ჩინოვნიკმა დაასახელა ირანში ჩასული ვიზიტორების რაოდენობაც – 4 მილიონ 998 ათას 215 ადამიანი ექვს თვეში, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ირანში ჩამსვლელთა რაოდენობამ 26%-ით იმატა. ვალი თეიმურის პროგნოზით, ტურისტების საერთო რაოდენობის ზრდა ირანის კალენდარული წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება.

სხვათა შორის, საქართველოს სტაისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უკვე გამოაქვეყნა 2019 წლის ნოემბერში ირანელი ვიზიტორების რაოდენობაც: გასულ თვეში ჩვენს ქვეყანაში ირანიდან 10 954 მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 5 587-ით ანუ 33,8%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანელი ტურისტების რაოდენობის კლების აშკარა ტენდენცია შეინიშნება, რაც საბოლოო ჯამში ქართული ეკონომიკისათვის გარკვეულ დანაკარგებს წარმოადგენს (გასული წლის მონაცემების მიხედვით, ერთი ირანელი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 2116 ლარს, ანუ 790 დოლარს ხარჯავდა).

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.tehrantimes.com/news/443040/Iranian-arrivals-in-Georgia-plunge-34-5-in-October

https://gnta.ge/ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90/

http://www.newsreport.ge/redaqtoris-rchevith/article/8148-iraneli-turistebis-raodenobam-saqarthveloshi-60-ith-iklo-zarali-minimum-211-milioni-laria