მთავარი პოლიტიკური სივრცე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით მთავრობამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა

0
181

 

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს, ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა.

„შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს იმათმაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის, თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება“, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში პირველივე დღიდან არის ჩართული. „მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოში შედიან, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ლაშა დარსალია და პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტულმა რეჟიმმა პატიმრობაში დატოვა, რადგან ექიმი ე.წ საზღვარსა და მის უკანონო გადაკვეთას  არ აღიარებს.