გიორგი ტყემალაძე ერეკლე კუხიანიძეზე: საკრებულოს უმრავლესობასთან გვექნება კონსულტაციები, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

0
246

საკრებულოს უმრავლესობასთან გვექნება კონსულტაციები, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, გაფრინდაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნას.

ტყემალაძის თქმით, კუხიანიძის განცხადება არაკორექტული იყო.

“ეს განცხადება არაკორექტული და ემოციური იყო. მინდა ყველას ვთხოვო, თავი შეიკავეთ მსგავსი განცხადებებისგან. გადაწყვეტილებებზე საუბარი ჩემი მხრიდან სწორი იქნება კონსულტაციების შემდეგ. კონსულტაციები უნდა გავიაროთ საკრებულოს უმრავლესობასთან, ამის შემდეგ გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.

ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს. ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს”,- განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.