ტრამპი ბოროტად სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით – ერდოღანი

0
369

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, 15 დეკემბერს, გვიან საღამოს,  ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია «A Haber»ის ჟურნალისტებს. საუბრის დროს იგი სხვადასხვა საკითხებს შეეხო, უპირველესად კი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, 13 დეკემბერს აშშ-ის კონგრესის სენატმა (მანამდე კი კონგრესის წარმომადგენლების პალატამ) მიიღო რეზოლუცია 1915 წლის სომეხთა გენოციდში თურქეთის (ოსმალეთის იმპერიის) ბრალის თაობაზე. ამასთან, დოკუმენტმა რომ იურიდიული ძალა მიიღოს, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

„მოველაპარაკებით [მოკავშირეთა] დელეგაციებს და, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩცვენ შეგვიძლია ინჯირლიყი და კურეჯიყი (რადიოლოკაციური ბაზა მალათიასთან ახლოს) ამერიკელებისათვის დავხუროთ“, – განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა საპასუხო სანქციებზე საუბრისას.

„აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას სრულიად პოლიტიკური ხასიათი აქვს. ჩვენთვის და აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოუსწორებელი ნაბიჯები არ გადაიდგას. ვწუხვართ, რომ აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში არსებულმა დაპირისპირებამ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები გამოიწვია. როგორც ჩანს, აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფება საკუთარი ვიწრო ინტერესების მიზნით, პრეზიდენტ [დონალდ ტრამპის] დასასუსტებლად, ბოროტად სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

„რასაკვირველია, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით. ნება მომეცით ერთი რამ ძალზე ნათლად და მკაფიოდ ვთქვა: როცა ჩვენ ამერიკაზე  ვლაპარაკობთ, განა შეიძლება ინდიელების ბედი არ გავიხსენოთ? [ინდიელთა გაჟლეტვა] აშშ-ის ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. იგივე ხდებოდა აფრიკაშიც: განა შეიძლება საფრანგეთის მიერ ჩადენილი დარბევების დავიწყება რუანდასა და ალჟირში? (სომხების გენოციდი საფრანგეთს ოფიციალურად აქვს აღიარებული – ს.კ.). ისინი ხომ მონათვაჭრობით იყვნენ დაკავებული – სენეგალიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან ადამიანები ამერიკაში მიჰყავდათ და მონებად ჰყიდდნენ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეს ავუხსნათ? ჩვენ არქივებში დოკუმენტები გვაქვს. ვაჩვენებთ [ნამდვილ] ისტორიას დასავლეთს  – რასიზმისა და კოლონიალიზმის ისტორიას“, – ხაზი გაუსვა თურქეთის მეთაურმა.

თურქეთის პოზიცია 1915 წლის მოვლენების მიმართ შემდეგში გამოიხატება:

სომეხთა მსხვერპლი აღმოსავლეთ ანატოლიაში გამოიწვია იმან, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ზოგიერთი სომხური დაჯგუფება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის არმიის მხარეზე დადგა და ოსმალეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. მთავრობამ მიიღო ანატოლიაში და ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრები სომხების სირიაში გადასახლების გადაწყვეტილება, რომლის რეალიზების პროცესში ბევრი სომეხი დაიღუპა. თურქეთი უარყოფს, რომ მომხდარი ფაქტი „გენოციდს“ წარმოადგენს. ანკარა იმავდროულად თვლის, რომ 1915 წლის მოვლენები ტრაგედიაა და დანაკარგები ორივე მხარემ განიცადა. თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანახმაა შეიქმნას თურქ და სომეხ ისტორიკოსთა ერთობლივი კომისია, საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, ამ საკითხის შესწავლის მიზნით.

———–

პენტაგონმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი თურქეთის მეთაურის განცხადებასთან დაკავშირებით.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნა თურქეთის სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ინჯირლიყშიც, თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება. ჩვენ თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი ძალების სტატუსს განვიხილავთ როგორც მრავალი ათეული წლის წინ აღებულ ვალდებულებად – ვიმუშაოთ და დავეხმაროთ თავდაცვის ორგანიზაციაში ჩვენს ნატოელ მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთს… აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ღონეს ხმარობს, რომ თურქეთთან მტკიცე ურთიერთობები შეინაჩუნოს და იმავდროულად ხელი შეუწყოს ანკარას უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა გაატაროს რუსული რაკეტების C-400-ების შესყიდვის დროს, აგრეთვე სირიაში და სხვა საკითხებში, ანუ ყველგან, სადაც კი ჩვენ უთანხმოება გვაქვს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. მან ასევე შეეხო თურქეთის [პოზიტიურ] პოლიტიკას ავღანეთში, კოსოვოსა და ერაყში.

———

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ 1915 წლის  მოვლენების „სომეხთა გენოციდად“ აღიარება, მკაცრად დაგმო ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმაც. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:

„აშშ-ის სენატის მიერ 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შემცველი დოკუმენტის ტექსტი, მეცნიერული და ისტორიული თვალსაზრისით, ურთიერთწინააღმდეგობრივი და საეჭვო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით არის მომზადებული. ტექსტში ნათლად არის აღნიშნული, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ სომხური ლობის მიერ არის მომზადებული, რომელიც მათ მზაკვრულ მიზნებს ემსახურება. ამერიკის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხდება ერთი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენების პოლიტიზირება. იგივე სენატი, სომხეთის მიერ აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებული მასიური თავდასხმების და ხოჯალოს გენოციდის მიმართ რატომღაც გამუდმებით დუმს. ეს კი მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია. ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აშშ-ს სენატის იერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება და სხვა არაფერს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.aa.com.tr/en/turkey/turkey-may-close-incirlik-kurecik-bases-if-necessary/1674612

https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/7352709

https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2019/12/14/amerikis-senatis-gadacqvetilebas-azerbaijanic-mkac-rad-gmobs-1323180