ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში – მამუკა მდინარაძე

0
318

წარმოადგინონ კონსტიტუციური, რაციონალური და მიზანშეწონილი წინადადება, რომელიც სტაბილურობასა და მანდატების სამართლიანად გადანაწილებას უზრუნველყოფს და ჩვენ ამაზე ბუნებრივია, ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი მრავალმანდატიანი მოდელი. აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოდელი მოქმედებს მხოლოდ ავღანეთში და ერაყში. ავღანური მოდელის მიხედვით, არის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ მაგალითად, 50-პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, იმ პარტიამ, რომელიც ამ მხარდაჭერას მოიპოვებს, მიიღოს მანდატების გაცილებით ნაკლები რაოდენობა, რაც ბუნებრივია, არასამართლიანია. მიზანშეუწონელია და წარმოუდგენელია, ამაზე მსჯელობის გაგრძელება. ოპოზიციის წარმომადგენლები როდესაც ჩიხურ სიტუაციაში შედიან, ერთ შემთხვევაში, ე.წ. გერმანული მოდელის შემთხვევაში არაკონსტიტუციურობით, ავღანური, დღეს წარმოდგენილი მოდელის შემთხვევაში, პროპორციულობის დისბალანსით მინუსისკენ, ისინი გვთავაზობენ, რომ ჩვენ მოვიფიქროთ მოთხოვნა, რომელსაც დაგვიყენებენ და ჩვენვე დავეთანხმებით. ეს რამდენად სერიოზულია, მოსახლეობამ განსაჯოს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დიალოგის კარს არ ვხურავთ. წარმოადგინონ კონსტიტუციური, რაციონალური და მიზანშეწონილი წინადადება, რომელიც, ერთი მხრივ, სტაბილურობას და მეორე მხრივ, მანდატების სამართლიანად გადანაწილებას უზრუნველყოფს და ჩვენ ამაზე ბუნებრივია, ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.