მქონდა პატივი, დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელების გასაგონად მეთქვა, რომ ვაშაძის მიერ წარმოდგენილი 87-პირიანი სია, პოლიტპატიმრების სია არ არის – თეა წულუკიანი

0
960

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან ერთად, საუბარი შეეხო იმ 87-კაციან სიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებს გასულ შეხვედრაზე წარუდგინა და მათ პოლიტპატიმრები უწოდა.

წულუკიანის თქმით, აღნიშნული 87-პირიანი სიიდან ციხეში კონკრეტული ფაქტების გამო მხოლოდ ხუთი იმყოფება.

„ვიმსჯელეთ კიდევ მეორე საკითხზე, წინა შეხვედრაზე ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ უცხოელებისთვის დასანახად, თუ მათთვის წარმოსადგენად მოიტანა 87- პირიანი სია, და ძალიან ემოციურად, გულით ამბობდა, რომ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქართულ ციხეში არიან, ესენი არიან პოლიტპატიმრები. დღეს მე აღმასრულებელი ხელისუფლების  სახელით მქონდა პატივი, მეთქვა, რომ ეს ასე არ არის. იმავე უცხოელების გასაგონად და დასანახად, რომლის გასაგონად და დასანახადაც იქნა ვითომ ეს პოლიტიკური პატიმრების სია წარმოდგენილი. აღმოჩნდა ის, რომ 87-პირიანი სიიდან მხოლოდ ხუთი ადამიანია რეალურად ციხეში. იგულისხმება ბატონი რურუა, ოქრიაშვილი და სხვები, ისინი არიან ციხეში კონკრეტული ფაქტებისათვის. არაერთი ადამიანი ელოდება სასამართლოს. შესაბამისად, ეს ფორმატი, სადაც ვიკრიბებით, არც ქართული სასამართლოა და არც ქართული პროკურატურა. მე მომიწია, რომ ეს შემეხსენებინა მათთვის. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც განვიხილავთ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.