პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

0
217

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება. ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება“, – ნათქვამია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დღესაც იგრძნობოდა, რის გამოც სხდომის გაგრძელება ვერ მოხერხდა.