„საქართველო – კავკასიური კალიფორნია“ სინგაპურელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები

0
338

„როგორც კი სომხეთის საზღვარს გადაკვეთთ და საქართველოში შეხვალთ, შეამჩნევთ, თუ როგორ ჰგავნან და აშკარად განსხვავდებიან ეს ორი პატარა პოსტსაბჭოთა კავკასიური ქვეყანა ერთმანეთისაგან“, – ნათქვამია სინგაპურის გაზეთ The Business Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში  სათაურით „ქრისტეშობა კავკასიაში: საქართველო და სომხეთი, უმეტესად ქრისტიანული სახელმწიფოები, საბჭოურ წარსულს იშორებენ და პოპულარული ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნები ხდებიან“ (ავტორი – ჰელმი იუსოფი), რომელშიც ჟურნალისტის სომხეთსა და საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი სტატიიდან:

„საქართველო – კავკასიური კალიფორნია“

მართლაცდა საკვირველია სომხებისა და ქართველების დამოკიდებულება ისტორიისა და თანამედროვეობისადმი. მაშინ როცა სომხები ხშირად თავიანთი მძიმე ისტორიის ტყვეობაში არიან და [ძნელად ეგუებიან წარსულთან დაშორებას], მათ ფონზე ასეთივე მძიმე წარსულის მქონე ქართველები შედარებით ოპტიმისტურად გამოიყურებიან. ქართველებს შეუძლიათ მოკლედ გააკრიტიკონ რუსეთი და რუსი მეფეები, რომლებმაც მათი ქვეყანა „გაპარტახებამდე მიიყვანეს“, მაგრამ შემდეგ სწრაფად გადადიან უფრო სასიამოვნო თემებზე თანამედროვე ცხოვრებიდან – ეროვნულ საჭმელებზე, ღვინოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზე. სწორედ ასეთი ბუნებრივი გულღიაობა და კეთილგანწყობა სწრაფად აღძრავს თქვენში სიმპათიას ქართველების მიმართ.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს „კავკასიურ კალიფორნიას“ უწოდებდნენ. როგორც ჩვენმა ექსკუსიამძღოლმა აგვიხსნა, „რუსები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ ქართველი ხალხის ჩაგვრას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გზებს, რომ ოპტიმისტურები და იმედიანები ვყოფილიყავით, რაც ჩვენს არაკეთილმსურველებს აოცებდა და აბნევდა“.

საქართველოს მართლაც შესაშური ლანდშაფტი და კლიმატი აქვს: ქვეყანაში თითქმის ყველა სახის ხილ-ბოსტნეული მოჰყავთ, ხოლო ქართველთა გამოცდილება, მათი ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობაში, შეიძლება ითქვას, ყველაზე უძველესი და სრულყოფილია საერთაშორისო მასშტაბით, რაც მთელი მსოფლიოს მეცნიერებს იზიდავს.

საქართველო, სომხეთის მსგავსად, ვეგეტარიანელებისათვის სამოთხედ ითვლება: ქართული სამზარეულო მდიდარია მცენარეული კერძებით… სინგაპურისაგან განსხვავებით, საქართველოში ბოსტნეულისაგან და ხორცისაგან დამზადებული საჭმელების ბალანსი სამი ერთზეა.

რაც შეეხება რელიგიურ აღმსარებლობას: ქართველთა დაახლოებით 84% საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, 8% კი სხვა ქრისტიანულ კონფესიას მიეკუთვნება. ამიტომაც ქართველები, მეზობელი სომხების მსგავსად, ძალიან ამაყობენ მრავალსაუკუნოვანი ეკლესია-მონასტრებით, გრანდიოზული ტაძრებით, რომლებიც მაღალ ადგილებზეა აშენებული, მთიანი ლანდშაფტის პანორამული ხედით.

მათგან ერთ-ერთი არაჩვეულებრივია გერგეტის სამების ტაძარი, რომელიც ყაზბეგში, სოფელ გერგეტთან ახლოს მდებარეობს, მე-14 საუკუნეში აგებული, 2170 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. იქ ყოფნის დროს მოგზაური თავს სრულიად სხვა სამყაროში გრძნობს… როცა წარმოიდგენ, თუ რა ტიტანური შრომა იყო საჭირო ეკლესიის ასაშენებლად ქვების ამ სიმაღლეზე ამოსატანად, მიხვდები, რომ ეს ტაძარი ქართველების ოპტიმიზმისა და სიმტკიცის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.

საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო საჯაროდ საეკლესიო რიტუალების ჩატარება, თუმცა ქართველები რელიგიურ დღესასწაულებს ჩუმად მაინც აღნიშნავდნენ. პოსტსაბჭოთა პერიოდში კი მათ გაორმაგებული ენერგიით დაიწყეს თავიანთი ადგილობრივი ეროვნული ადათ-წესების, მათ შორის რელიგიური ტრადიციების აღდგენა. აი, ახლაც, ქრისტეშობის დღესასწაულის მოახლოებისთანავე, საქართველოში ათასობით ადამიანი „ალილოს“ რიტუალში მიიღებს მონაწილეობას, შეწირულობას მოაგროვებენ და შემდეგ ფულს ღარიბებს დაურიგებენ.

ქართველებს, თითქოსდა თავიანთი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, საკუთარი სანტა-კლაუსი ჰყავთ, რომელსაც ტრადიციული თეთრ-წითელი ტანსაცმელი კი არ აქვს, არამედ ეროვნული  სამოსელი. მას „თოვლის პაპა“ ჰქვია და დიდებულ გრძელ ქართულ ჩოხაშია გამოწყობილი, იგი თეთრწვერიანი კეთილი მოხუცია, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ.

იოსებ სტალინის კულტი

ქართულ ოპტიმიზმზე საუბრისას არის ერთი გარემოება, რომელიც უცხოელისათვის საკმაოდ საჩოთირო ფაქტს წარმოადგენს. საქმე ეხება იოსებ სტალინის პიროვნებას: თითქმის 70-წლიანი რეპრესიული რეჟიმის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა მმართველი იოსებ სტალინი ბევრი ქართველისათვის მომხიბვლელ საკულტო ადამიანად რჩება. იგი, ღარიბი ქართული ოჯახის შვილი, 1920-იანი წლებიდან უდიდესი საბჭოთა ქვეყნის ლიდერი გახდა, 1953 წლამდე. მან შეძლო ისეთი სახელმწიფოს აშენება, რომელიც წლების განმავლობაში უძლიერესი იყო დედამიწაზე, აშშ-სთან ერთად. იმავდროულად მისმა დიქტატურამ „გულაგის“ ბანაკების სისტემაც შექმნა, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. იოსებ სტალინს ბრალი მიუძღვის 1930-იანი წლების „წმენდებშიც“, ომის დროინდელ და ომისშემდგომ რეპრესიებში… და მაინც ბევრი ქართველისათვის იგი მაინც გმირია, ბელადი, სოციალისტური სახელმწიფოს მშენებელი, მუშებისა და გლეხების დამცველი. შეიძლება ითქვას, სტალინისადმი დამოკიდებულება  ქართველებს ორ ნაწილად ჰყოფს…

გორის მუზეუმში საბჭოთა ლიდერისადმი პოზიტიური გრძნობები განსაკუთრებით აშკარად იგრძნობა: შენობაში თავმოყრილია ბევრი ექსპონატი, მისი პირადი ნივთები, ფოტოსურათები იმდროინდელ მსოფლიო ლიდერებთან, მშრომელებთან, ანგელოზის სახიან ბავშვებთან, რომლებიც მას, როგორც ღვთაებას, ისე შეჰყურებენ.

ექსკურსიამძღოლი ჰყვება ისტორიას, თუ როგორ ცხოვრობდა ღარიბი მეჩექმის შვილი, როგორ აღწევდა წარმატებებს სწავლაში, რამდენჯერ იყო დაჭერილ-დაპატიმრებული თავისი ახალგაზრდული ენერგიისა და აქტიურობის გამო და როგორ გახდა საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელი. ნუ ელოდებით, რომ გიდი რაიმეს იტყვის „გულაგების“ შესახებ, ან იმაზე, თუ რატომ იყო დაუნდობელი სტალინი საკუთარი მშობლიური ხალხის მიმართ, რატომ იმსხვერპლა 400 ათასამდე თანამემამულე.

მუზეუმის შესასვლელში სუვენირებს ჰყიდიან იოსებ სტალინის გამოსახულებით. ექსკურსიამძღოლის თქმით, გორის მუზეუმს საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი და დამთვალიერებელი სტუმრობს. მშრალი სტატისტიკის მიხედვით, სტალინის სახლ-მუზეუმი 2018 წელს 160 ათასმა უცხოელმა დაათვალიერა, მათგან ყველაზე მეტი რუსი და ჩინელია, რომელთა ცნობიერებაში სტალინის კულტს ღრმა ისტორიულ-პოლიტიკური და იდეოლოგიური ფესვები აქვს გადგმული.

მუზეუმიდან გამოსვლისას ერთგვარ შვებას იგრძნობთ: ისევ ხედავთ ლამაზ ქართულ სახლებს, სუფთა ქუჩებს და ზურმუხტისფერ კავკასიურ ზეცას. თქვენ კვლავ ქართველების კეთილგანწყობის დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევით, თავს ბედნიერად თვლით… და სწორედ ეს აღძრავს თქვენში სურვილს კვლავ ეწვიოთ ამ ქვეყანას…“.

———

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.businesstimes.com.sg/lifestyle/feature/christmas-in-the-caucasus