თურქეთ-საქართველოს საზღვარი: ჩილდირ-აქტაშის საბაჟო – მარშრუტი კავკასიისა და ცენტრალური აზიისაკენ

0
269

როგორც ცნობილია, საქართველო-თურქეთის საზღვარზე რამდენიმე საკონტროლო-გამსვლელი და საბაჟო პუნქტი მოქმედებს – მათგან შედარებით ყველაზე პოპულარულია „სარფი“ და „ვალე“, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლახან, 2015 წლის ოქტომბერში საზღვარზე გახსნილი კიდევ ერთი საბაჟო-გამსვლელი პუნქტი „ჩილდირ-აქტაში“ („ჩილდირ-ხოზაფინი“).

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული (ავტორი – გიუნეი ნოი), „ჩილდირ-აქტაშის“ საბაჟო პუნქტი, რომელიც არტაანის პროვინციაში მდებარეობს და თურქეთს საქართველოსთან აკავშირებს, „ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით“ არის აღჭურვილი და სულ უფრო მეტ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს. „ჩილდირ-აქტაში“ უზრუნველყოფს თურქეთის ეკონომიკურ კავშირებს – ექსპორტსა და იმპორტს – კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებთან.

როგორ და რაში გამოიხატება „ჩილდირ-აქტაშის“ ეკონომიკური მნიშვნელობა ოთხი წლის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ავტორი არტაანის პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ჩეთინ დემირჩის ესაუბრება.

„ბოლო ოთხ წელიწადში „ჩილდირ-აქტაშის“ საბაჟოს გავლით 613 ათასი ავტომობილი გავიდა, შემოვიდა 307 ათასი. ანუ უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. ეს ნიშნავს, რომ თურქები სიამოვნებით სარგებლობენ საბაჟოს მაღალი დონის მომსახურებით და შედარებით მარტივი მარშრუტით. „ჩილდირ-აქტაშის“ საბაჟოზე ავტომობილებს სამი გასასვლელ-შემოსასვლელი პლატფორმა ემსახურება, თუმცა, როგორც ჩანს, თანამედროვე სიტუაციის გათვალისწინებით ეს საკმარისი აღარ არის: ოთხი წლის მანძილზე სავაჭრო ბრუნვამ უკვე 25-30 მილიონ ლირას მიაღწია. ვმუშაობთ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს ჩეთინ დემირჩი.

არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის თქმით, საბაჟოზე დაახლოებით 150 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და პასუხისმგებლობის მაღალი დონე აქვთ. საბაჟო დიდ როლს ასრულებს არტაანის პროვინციის ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩეთინ დემირჩი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გრძელდება საქართველოსთან დამაკავშირებელი სასაზღვრო-გამსვლელი პუნქტის – „თურქგოზის“ მოდერნიზაცია სოფელ პოსოფთან, რომელიც ასევე არტაანის პროვინციაში მდებარეობს: „იმედი გვაქვს, რომ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო დროულად დაასრულებს საბაჟოს რეკონსტრუქციას, რომლის ახალი სიმძლავრით ამოქმედება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვიტარებასაც თურქეთ-საქართველოს შორის“, – ამბობს ჩეთინ დემირჩი.

———-

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.aa.com.tr/tr/turkiye/cildir-aktas-gumruk-kapisindan-4-yilda-613-bin-arac-giris-yapti/1670349