უგუნურებაა, როცა „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით, ბოკერია თავს ესხმის ევროსაბჭოს და მას დაავადებულ ორგანიზაციას უწოდებს – მამუკა მდინარაძე

0
202

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების დისკრედიტაციის მიზნით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ისიც კი იკადრა, რომ „ევროსაბჭოს დაავადებული ორგანიზაცია“ უწოდა.

„იმ ღონისძიების დისკრედიტაციის მიზნით, რომელიც შაბათს გაიმართება და რომელსაც ორგანიზებას უწევს პარტიის ახალგაზრდული ფრთა, გიგა ბოკერიამ ისიც კი იკადრა, რომ ევროსაბჭოს დაავადებული ორგანიზაცია უწოდა, იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა, რომლის პოლიტიკური პარტია არის მძიმედ დაავადებული, და რაც არ უნდა სწორი ანამნეზი დაიდოს, მისი მკურნალობა შეუძლებელია. ბოკერიას პარტიის მკურნალობა შეუძლებელია, იმდენად არაადეკვატურები გახდნენ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ამ განცხადებაში ჩანს, როდესაც ის ევროპის საბჭოს უწოდებს დაავადებულ ორგანიზაციას და მიზანი არის, რომ დააკნინოს შაბათის ღონისძიება, რომელიც „ქართული ოცნების“ ეგიდით კეთდება. როდესაც მიზანია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, თავს ესხმი ევროსაბჭოს და მას დაავადებულ ორგანიზაციას უწოდებ, ეს არის უმეცრება, უგუნურება და წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც ფსევდო პროდასავლური ლიდერები ასეთ განცხადებებს აკეთებენ“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც რუსეთის გავლენის პრობლემაა, ეს არის ძალიან დაავადებული და პრობლემატურ დღეში მყოფი ინსტიტუცია“.