ყველაფერს ვიღონებ, რომ მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას – გიორგი მიქაუტაძე

0
296

ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ. მინდა, მივულოცო ჩემს ახლად განმწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას ვაკეთებდი დღემდე. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია. ერთგვარად გვაიძულებს უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამიტომ მათიც მადლობელი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესს, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოში არ არსებობს „კლანი“.

„არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში. ამ სისტემაში არის გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა თადუმაძის დანიშვნის საკითხს, ეს მომდევნო პროცესია და ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თეორიულად ყველას აქვს ამის რესურსი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.