ჩვენ ვნახეთ სავარაუდოდ ქიმიური შეტევა პარლამენტზე – არჩილ თალაკვაძე

0
213

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს, საკანონმდებლო ორგანოზე და პარლამენტის წევრებზე სავარაუდო ქიმიურ შეტევას უწოდებს.

„თქვენ თვალყურს ადევნებდით პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პარლამენტს უნდა განეხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე უნდა ემსჯელა. რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სავარაუდოდ მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ არის მოწამლული, მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება, გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებშიც და ნაწილს ახლაც ეწევა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება, მიეცეს ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურების საქმეა. უკვე დაწყებულია ღონისძიებები და დადგინდება, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ვისი მხრიდან მოხდა ამის გამოყენება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მისთვის უცნაური იყო.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის ორგანიზაცია „სირცხვილია“, ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადება და მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე. ეს განცხადებაც ჩემთვის საკმაოდ უცნაური იყო და ვფიქრობ, ამასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასებები“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესვენების შემდეგ პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს.

„ჩვენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ, მივიღებთ შესაბამისად კენჭისყრით იმ გადაწყვეტილებებს, რასაც დაუჭერენ მხარს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ დეპუტატები. პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს და  დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, იქნება ალბათ სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.