სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი -თეონა თამაზაშვილი

0
66

ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ. მისი თქმით, პროკურატურა, მკვლელების ნაცვლად, ადვოკატებს ებრძვის.

“ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ…

მივმართავ ისევ შოთაძეს, რომ შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება დიდი ხანია და ექავება ხელი. აქციებს რახან არ ვაანონსებ იმას არ ნიშნავს, რომ გადავიფიქრე, ან დავიღალე, ან მეშინია. ერთი უბრალოდ გაბედონ და აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რითაც აქამდე თავს ვიკავებდი სხვა შემოთავაზებებისგან. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე. ყველას ჩავრთავ აბსოლუტურად. სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი,” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.