ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა და მისი გუნდი -თენგიზ ცერცვაძე

0
63

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმ მაია ბუწაშვილის 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქალბატონი მაიასთვის ბევრი დეტალი შესაძლოა, რთულად გასაგები იყოს.

“ქ-ნი მაია ბუწაშვილისა.წ. 20 სექტემბრის პოსტზე, სადაც ჩვენც ვართ მოხსენიებული, მინდა მოკლედ ვუპასუხო.

მე ყოველთვის სათანადოდ ვაფასებდი ქ-ნ სანდრა რულოვსის წვლილს ქვეყანაში აივ/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების წარმატებით გატარების საქმეში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა სამედიცინო პროექტებში. ეს დამოკიდებულება არც ახლა შემიცვლია და არსად არასდროს ამაზე განსხვავებული მოსაზრება არ გამომითქვამს.

ქ-ნი მაიასთვის ალბათ, ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება პიროვნება (ამ შემთხვევაში მე) მხარს უჭერდეს „ქართულ ოცნებას“ და ამავე დროს თვლიდეს, რომ ქ-ნ სანდრას სერიოზული დამსახურება აქვს რიგი მიმართულებებით. ქ-ნი მაიასთვის, ალბათ მითუმეტეს ძნელი გასაგები იქნება, თუ როგორ შეიძლება პიროვნება (ამ შემთხვევაშიც მე) ღიად უჭერდეს მხარს „ქართულ ოცნებას“ და ამავე დროს ასევე ღიად გამოთქვამდეს უკმაყოფილებას მისი ზოგიერთი მინისტრის საქმიანობაზე. დიახ, ქ-ნი მაიასთვის ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ასეა. ჩემთვის მთავარი სამათლიანობა და ობიექტურობაა და ბევრს, ალბათ ისიც კარგად ახსოვს თუ როგორ მწვავედ დავუპირისპირდი მე ძალაუფლების ზენიტში მყოფ (2006 წ.) ბატონ კახა ბენდუქიძეს, როცა ის ამას იმსახურებდა.

“რაც შეეხება ქ-ნი მაიას C ჰეპატიტის სახელმწიფო კომიტეტის წევრობას, ეს ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ როგორც ამ კომიტეტის წევრმა ყველაზე მეტად თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ მან არც მეტი, არც ნაკლები „ნაჯახის სუპი“ უწოდა ჩვენს იმ დროისთვის (2016 წელს) ინოვაციურ პროტოკოლს და ამ „ნაჯახის სუპმა“ შემდეგში განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლები (99%) დადო.

რაც შეეხება ქ-ნი მაიას დამოკიდებულებას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მინდა დავარწმუნო, რომ ქვეყანას და ქართველ ხალხს ურჩევნია ჰყავდეს COVID-19-ისგან 20 გარდაცვლილი და ქ-ნი მაია არ ეთანხმებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ვიდრე ის, რომ ჰყავდეს 20 ათასი გარდაცვილი (როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთ) და იგი ამ გადაწყვეტილებებს იწონებდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვუჭერდი 10 წელზე მეტია მხარს 8 წლის წინ შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, ქ-ნი მაიას ირონია აქაც სრულიად უადგილოა. საქმე იმაშია, რომ თუ გადაახვევს და ყურადღებით მოისმენს, ნახავს, რომ მე სიტყვა პარტია საერთოდ არ მიხსენებია და მითუმეტეს ათწლიან კონტექსტში. მე ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა და მისი გუნდი,რომელთანაც რეალურად მაკავშირებს 10 წელზე მეტი ხნის ნაცნობობა და მხარდაჭერა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ამჟამად წერილი მრავალგვერდიანი არ გამოვიდა,”– აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ “ქართული ოცნების” მხარდაჭერაზე “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ გუნდს უკვე 10 წელია მხარს უჭერს. ხოლო ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ არის იმ ადამიანებივით მოხერხებული, რომლებიც 10 წელზე მეტია 8 წლის წინ შემქნილ პარტიას უჭერენ მხარს.