საქართველო წინა აზიაში ევროპული ფორპოსტი იყო როგორც გეოპოლიტიკური, ასევე მუსიკალური თვალსაზრისით – უცხოური მედია

0
42

გერმანული რადიოს „დოიჩლანდფუნკ“-ის («Deutschlandfunk») ეთერში 21 სექტემბერს გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის შესახებ, რომელიც 17-20 სექტემბერს გაიმართა წინანდლის მამულში. შესაბამისი სტატია გამოქვეყნდა რადიოს ვებ-გვერდზეც სათაურით „წინანდლის ფესტივალი: ბრწყინვალება და ახალი მუსიკალური საოცრება“ (ავტორი – იოჰანეს იანსენი).

პუბლიკაციაში საუბარია ფესტივალის მიზნებზე, დაწყებასა და მიმდინარეობაზე, წინანდლის მამულზე, რომელიც მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, მის ისტორიასა და ტრადიციებზე.

„მე-19 საუკუნეში საქართველოში ჩასული ევროპელებისათვის მიზიდულობის ცენტრს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული წარმოადგენდა წინანდალში. საქართველო წინა აზიაში ევროპულ ფორპოსტი იყო როგორც გეოპოლიტიკური, ასევე მუსიკალური თვალსაზრისით“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კორონავირუსმა თავისი ცვლილებები შეიტანა ფესტივალის მიმდინარეობაში: ავტორი იმოწმებს ფესტივალის დირექტორის დავით საყვარელიძეს, რომლის თქმით, კულტურული ღონიძიების მონაწილეების ჯანმრთელობა თანამედროვე ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ საიმედოდ იქნება დაცული.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და ორკესტრები, როგორებიც არიან მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა 11 წლის პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. „მისი გამოსვლა ისეთი ზებუნებრივი იყო, რომ ფესტივალის მონაწილეებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა“, – ხაზგასმულია მასალაში.

სიმონ კილაძე