„საქართველო – ველური კავკასიის ხიბლი“ – გერმანული მედია

0
209

გერმანიის თიურინგიის მხარის გაზეთ „ოსტთიურინგერ ზაიტუნგ“-ში («Ostthüringer Zeitung»), რომელიც ქალაქ გერაში იბეჭდება, გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „საქართველო – ველური კავკასიის ხიბლი“, რომელიც მკითხველს სთავაზობს გაეცნოს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს მულტივიზიური შოუს მეშვეობით.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმისა და მოგზაურობის მოყვარულები საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ გაზეთმა გადაწყვიტა ეს დანაკლისი შეავსოს და მსურველებს მულტივიზიურ შოუზე იწვევს, რომელიც 23 სექტემბერს გერას საქალაქო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება. შოუს უძღვება რალფ შვანი – მთასვლელი, მოგზაური, რომელიც საქართველოში მრავალჯერ არის ნამყოფი.

საქართველო – ეს არის მრავალფეროვანი ქვეყანა, უძველესი კულტურით, თბილი და კეთილი მცხოვრებლებით, სტუმართმოყვარე ხალხით, ეგზოტიკური კულინარიით და კავკასიის გრანდიოზული მთებით. რალფ შვანი ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყნის ნათელ პორტრეტს მულტივიზიურ რეპორტაჟში წარმოგიდგენთ“, – ნათქვამია სტატიაში.

„მსურველები გაეცნობიან სვანეთს თავისი შუა საკუნეების დროინდელი კოშკებით, ვირტუალურად დალაშქრავენ ხუთკილომეტრიანი სიმაღლის ყაზბეგის მთას, რომელზეც ლეგენდარული პრომეტე ყოფილა მიჯაჭვული, დაათვალიერებენ ხევსურეთს, ეგზოტიკურ სოფელ შატილს და მუცოს, თუშეთს… ყურადღების გარეშე არ იქნება დატოვებული საქართველოს არც სხვა რეგიონები: კახეთი როგორც კულინარიისა და მეღვინეობის რეგიონი, ვაშლოვანის ნაკრზალი თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით, სამცხე-ჯავახეთის ვულკანური ლანდშაფტი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.