რატომ გართულდა მართვის მოწმობის ასაღებად ელექტრონული რეგისტრაცია

0
273

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროდირექტივის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

როგორც მომსახურების სააგენტოში აცახდებენ, ცვლილებების დაანონსებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ. ამის გამო ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა-20%-ით.

სააგენტოს განმარტებით, დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებენ იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.

„თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს ემატება.

მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში”, – აცხადებენ სააგენტოში.