კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა – მარინა ენდელაძე

0
24

საქართველოში კორონავირუსისგან დღეს გარდაცვლილ ორ პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი. აქედან ერთ-ერთი, 67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია. შესაბამისად, პაციენტის მდგომაროებიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე პაციენტი იყო ქუთაისში, რომელიც გადაიყვანეს 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ პაციენტსაც ჰქონდა თანმხლები დაავდებები – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება. შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ენდელაძის განმარტებით, ამჟამად ახალი კორონავირუსით კლინიკაში 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 22-ს შეადგენს.