ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება

0
50

საქართველოს მთავრობამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი შეიქმნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, პილოტირება დასრულდება 2021 წლის ბოლოს.

“ცენტრის იდეაა, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ იმავე სივრცეში, სადაც ხდება მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, ბავშვის გამოკითხვა იქნება ეს თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.