საქართველო, ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ რჩება – მარინა ეზუგბაია

0
24

საქართველო, ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ რჩება და ვნახოთ, როგორი დინამიკა იქნება, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საბედნიეროდ, მონაცემები არ იზრდება, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი, ეს რიცხვი გაორმაგებულია და ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება. ვნახოთ, როგორი დინამიკა იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგაბაია მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.