“The Guardian“: ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები კითხვის ნიშნის ქვეშაა – კვიპროსი პარალელურად თურქეთის დასჯასაც ითხოვს

0
41

გამოუცხადებს თუ არა ევროკავშირი სანქციებს ბელარუსს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო აქციების უმკაცრესად დარბევის გამო? პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით, თითქოს ეს საკითხი უკვე დადებითად უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა ალექსანდრე ლუკაშენკო დაუსჯელი გადარჩეს.

როგორც ბრიტანული „გარდიანი“ The Guardian») წერს სტატიაში სათაურით „ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები კითხვის ნიშნის ქვეშაა: კვიპროსი პარალელურად თურქეთის დასჯასაც ითხოვს“, გასულ კვირაში ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების სხდომაზე (ელჩების დონით) ბრიუსელში კვიპროსის ელჩმა ვეტო დაადო დადგენილების პროექტს, რომელიც მიმართულია ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ. დღეს კი, 21 სექტემბერს, როცა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა უნდა გაიმართოს იგივე საკითხზე, კვიპროსს ჯერ-ჯერობით თავისი გადაწტყვეტილება არ შეუცვლია. თუ ნიქოზია მინისტრების სხდომაზეც გაჯიუტდება, მაშინ ევროკავშირის გეგმები წყალში გადაიყრება – ბელარუსის დიქტატორი ისევ დაისჯელი იქნება. ევროკავშირის გადაწყვეტილება ხომ ძალაში კონსენსუსით შედის – თვით პატარა და სუსტ კვიპროსსაც კი შეუძლია წინ აღუდგეს დიდი და ძლიერი  წევრების სურვილს.

რატომ გამოდის კვიპროსი ევროკავშირის დანარჩენი წევრების პოზიციის წინააღმდეგ?

საქმე იმაშია, რომ ნიქოზია განაწყენებულია იმით, რომ ევროკავშირმა მას მხარი არ დაუჭირა თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციების დაწესებაში. ანკარა კვიპროსისა და საბერძნეთის ტერიტორიის ახლოს ხმელთაშუა ზღვის შელფზე ნავთობ-გაზის საბადოების ძიებას აგრძელებს და სამომავლოდ მათ ექსპლოატაციას გეგმავს, რაც, ნიქოზიისა და ათენის აზრით, საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

როგორც ერთ-ერთმა კვიპროსელმა დიპლომატმა ანონიმურად განუცხადა „გარდიანს“, ნიქოზია, პრინციპში, თანახმაა, ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის სანქციების გამოცხადებაზე, „მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ორი პროცესი პარალელურად მიმდინარეობდეს“.

„გარდიანი“ ესაუბრა აგრეთვე ერთ-ერთ ანონიმურ ევროპელ დიპლომატსაც, რომელმაც განაცხადა, რომ კვიპროსმა ფაქტიურად, ევროკავშირის სანქციები მძევლად აიყვანა და ამით ბრიუსელი ფრიად დელიკატურ სიტუაციაში ჩააგდო. როგორც ცნობილია, სანქციები გულისხმობს ბელარუსის ხელისუფლების 40 წარმომადგენლის შესვლის აკრძალვას ევროკავშირის ტერიტორიაზე და მათ აქტივების გაყინვას.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.theguardian.com/world/2020/sep/17/eu-belarus-sanctions-in-doubt-as-cyprus-demands-action-against-turkey