რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამოუკიდებლად გადაადგილდება

0
42

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამის შესახებ ნავალნიმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა.

ნავალნი წერს, რომ მას მობილური ტელეფონის გამოყენება ან ჭიქაში წყლის დასხმა ჯერ კიდევ არ შეუძლია, თუმცა მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება.

„აგიხსნით. სულ ცოტა ნის წინ მე ვერ ვცნობდი ხალხს და ვერ ვხვდებოდი, თუ როგორ უნდა მესაუბრა. ყოველდღე ჩემთან ექიმი მოდიოდა და მეუბნებოდა: „ალექსეი, მე დაფა მოვიტანე, მოდით, მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ დაფაზე.“ ეს მე სასოწარკვეთაში მაგდებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მესმოდა რას მთხოვდა ექიმი, ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა შემერჩია სიტყვები. თავის რომელ ნაწილში ვეძებო სიტყვები და როგორ მივანიჭო მათ მნიშვნელობა? ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარი იყო. არც ის ვიცოდი, როგორ გამომეხატა ჩემი სასოწარკვეთა“, – წერს ნავალნი.

მისივე თქმით, ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია,

„თუმცა ბერლინის კლინიკის არაჩვეულებრივმა ექიმებმა მთავარი პრობლემა მოაგვარეს. მათ მე „ფორმალურად ცოცხალი ადამიანისგან“ მაქციეს ადამიანად, რომელსაც აქვს შანსი, გახდეს თანამედროვე საზოგადოებისთვის უმაღლესი ფორმის ქმნილება, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, შევიდეს ინსტაგრამზე და მარტივად გაიგოს, რა მოიწონოს“, –  წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ რეისზე გახდა შეუძლოდ.