პრეზიდენტის განცხადება მე ისე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება და კულტურაა – გია ვოლსკი

0
248

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მე ისე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება და კულტურაა, ხოლო პრიორიტეტია არა ომი, არამედ განვითარება განათლების ხაზით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ქართული ჯარი საერთაშორისო სტანდარტისაა.

„მგონი, თემა აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და საერთაშორისო სტანდარტისაა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მე ისე გავიგე, რომ ჩვენი მთავარი იარაღი განათლება და კულტურაა, ხოლო პრიორიტეტია არა ომი, არამედ განვითარება განათლების ხაზით. ომის მომხრე არავინ ვართ, თუმცა ჯარის ხარისხი მართლაც რომ მაღალია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.