ერდოღანის სასახლეები ბიუჯეტის ფულით: რას აშენებს თურქეთის პრეზიდენტი კორონავირუსის კრიზისის დროს – “Deutsche Welle“

0
72

„მაშინ როცა თურქეთის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის შედეგებით გამოწვეულ კრიზისს ებრძვის, პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯზე სასახლეებს აშენებს“, – აღნიშნულია გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველე“-ს Deutsche Welle») მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში სათაურით „ერდოღანის სასახლეები ბიუჯეტის ფულით: რას აშენებს თურქეთის პრეზიდენტი“.

მაინც რა მშენებლობები აქვს წამოწყებული თურქეთის ჯუმჰურბაშქან რეჯეფ ერდოღანს? უკვე თითქმის ორი წელია თურქეთი ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია ჩაფლული. ეროვნული ვალუტის – ლირის კურსი ეცემა, უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. კორონავირუსის პანდემიამ კი სიტუაცია უფრო დაამძიმა. ძალიან დაზარალდა ტურისტული დარგი – თურქეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემოსავლიანი სფერო.

თურქეთის მოსახლეობა იძულებულია „წელზე ქამარი უფრო მაგრად შემოიჭიროს“ და როგორმე ამ კრიზისს გაუძლოს. ზოგი საზღვარგარეთ მიდის – ეს უფრო ახალგაზრდებს ეხება. და ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, რეჟეფ ერდორანი ერთიმეორის მიყოლებით მსხვილმასშტაბიან მშენებლობებს იწყებს.

კიდევ ერთი სასახლე. რად გინდა, რეჯეფ?

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ჯუმჰურბაშქანი მილიონებს ხარჯავს ზოგიეერთი სადაო ობიექტის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთ-ერთია პრეზიდენტის სასახლე ვანის ტბის ნაპირზე. შენობა ისეთი პროექტით შენდება, რომელიც თურქ-სელჯუკთა მმართველის, რუმის სულთნის ალაედინ ქეიყუბად პირველის სასახლეს მოგვაგონებს, მე-13 საუკუნის 20-იან წლებში აგებულს. ოფიციალური მონაცემებით, სასახლე იმ ადგილზე აშენდება, სადაც სელჯუკთა კიდევ ერთმა ცნობილმა სულთანმა არფ-ასლანმა ბიზანტიის ჯარი დაამარცხა, 1071 წელს. ეს ფაქტი ისტორიაში „მანცაკერტის ბრძოლის“ სახელით არის შესული. პრეზიდენტის სასახლის ფართობი ზუსტად 1071 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე უკვე 14 მილიონი ევროა დახარჯული, თუმცა თავდაპირველად 4 მილიონ ევროდ შეფასდა. როგორც ამბობენ, სასახლის ამგებ სამშენებლო კომპანიას რეჯეფის სკოლის დროინდელი მეგობარი ხელმძღვანელობს.

მოსახლეობის წინააღმდეგობა ისეთი დასაბუთებული იყო (ტბით სარგებლობა იზღუდებოდა), რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ… რეჯეფ ერდოღანმა მთავრობას კანონი შეაცვლევინა და ფაქტიურად, სასამართლოს დადგენილება გააუქმა. „სასახლე აშენდება. წერტილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მანცაკერტის ბრძოლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე.

„რეჯეფ, სიხარბე დაგღუპავს…“

„ერთი ადამიანის სიხარბეს ვანის ტბა ეწირება, – აკრიტიკებს პრეზიდენტს ოპოზიციური სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრი გიულიზარ ყარაჯა, – იმ დროს, როცა თურქების უმრავლესობა კრიზისს ებრძვის, პრეზიდენტი ზედიზედ იშენებს სასახლეებს“.

თავის მხრივ ერდოღანის მომხრეებს თავიანთი არგუმენტები აქვთ: „ჩვენთვის ეს მშენებლობა მთელი ერის სავანეა”, – ამბობს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ვიცე-თავმჯდომარე ჯაჰით ოზგანი.

ვანის ტბაზე მშენებარე სასახლის გარდა, რეჯეფ ერდოღანი საზაფხულო რეზიდენციას აშენებს ოკლუკის უბეში, ქალაქ მარმარისთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. თურქული მასმედიის ცნობით, ეს შენობაც ძალიან ძვირია და დამატებით, ადგილობრივ გარემოს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. დრეისათვის 300-ოთახიანი შენობის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 37 მილიონი ევრო დაიხარჯა. ფუნდამენტისათვის ადგილის გასაწმენდად თითქმის 50 ათასი მრავალწლიანი ხე იქნა მოჭრილი.

მართლაც რად უნდა პრეზიდენტს ამდენი ძვირადღირებული სასახლე? იგი ხომ 2014 წელს თავის ახალ გიგანტურ რეზიდენციაში გადავიდა, ანკარაში, რომელიც ნახევარი მილიარდი ევრო დაჯდა. ოპოზიცია ჯუმჰურბაშქანს მაშინაც აკრიტიკებდა გარემოსათვის ზიანის მიყენების გამო, მაგრამ პრეზიდენტმა მათ ყურადღება არ მიაქცია.

დღეს რეჯეფ ერდოღანს კიდევ იმას საყვედურობენ, რომ იგი თავის განცხადებებში სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენებს ოსმალეთის იმპერიის „ბრწყინვალე პერიოდს“ და არა თურქეთის რესპუბლიკასა და მის დამაარსებელს მუსტაფა ქემალს. პრეზიდენტის სამი სასახლე და სხვა მისი მსგავსი პროექტები სრულიად განსხვავდება ქემალის დროინდელი ტიპიური უბრალო პროექტებისაგან და ძალიან ჰგავს თურქების სელჯუკურ-ოსმალურ წარსულის შენობებს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3iS40