ნათია თურნავა – უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „რაინეართანაც“

0
46

უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით, გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია „რაინეართანაც“.

„ჩვენ ნათქვამი და გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო გადავიდა ადაპტაციის ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრი აკრძალვების მაგივრად, ვაპირებთ, ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს პანდემიის მიუხედავად, პარალელურად და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს საზღვრების უფრო მეტ გახსნილობას. ჩვენ ახლა უფრო აქტიურად ვიყენებთ პისიარტესტების მიდგომას, ვიდრე კარანტინის. იცით, რომ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები სავალდებულოდ წარადგენენ პისიარტესტებს. ეს, ერთი მხრივ, ამცირებს ჩვენი მოსახლეობის იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევების რისკებს. ჩვენ დღესდღეობით პრაქტიკულად მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი იმპორტირებული შემთხვევები, მაგრამ ასევე ეტაპობრივად ვცდით ფრენებს. მაგალითად, სექტემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკება „რაინეართან“, თუ რა თანმიმდევრობით აღდგება მათთანაც ფრენები, წელს, რა თქმა უნდა, ეს ასევე განხორციელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.