ეკატერინე ტიკარაძე – აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა

0
33

აჭარაში, კორონავირუსთან მიმართებაში, რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში რიცხვების კლება იკვეთება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ სულ მცირე 7-დღიანი კლების ციკლი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ რამდენად კონტროლირებადია ინფექციის გავრცელება. ამ დროისთვის, აჭარაში არის 126 ინფიცირებული, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. ლაბორატორიული ქსელი, ასევე აწარმოებს თავის საქმეს და დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება გასული პერიოდის, როდესაც ბათუმში მასიური ტესტირება ხდებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება საწოლფონდს, მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აჭარაში 500 საწოლია მობილიზებული.

„მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ყველა კლინიკის წარმომადგენელს, რომლებიც კოვიდინფექციის მართვის პროცესში არიან ჩართულები. აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და ამ ეტაპზე, 150-მდე საწოლია მობილიზებული. ასევე, ეფექტურად მიმდინარეობს სასტუმროებში პაციენტების მკურნალობა. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან შეუფერხებლად ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმრავლესობას უფიქსირდება ინფექციის მსუბუქი ფორმა, რის შემდეგაც ისინი გადადიან სასტუმროებში და მათზე ზრუნავენ ოჯახის ექიმები, რომელთა მართვაც პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თამარ გაბუნიას. პაციენტების ჯანმრთელობას არანაირი რისკი არ ემუქრება“, – განაცხადა ტიკარაძემ.