არჩილ თალაკვაძე – ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია და საარჩევნო ცვლილებებს მიესალმება

0
25

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის და გაძლიერების მხრივ, მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშს.

თალაკვაძის განცხადებით, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც და ევროპელ პარტნიორებს მიმართა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა, ყველა ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერით, დიდი უმრავლესობით მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება: პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის და გაძლიერების მხრივ, მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. სამწუხარო იყო, რომ ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა იმის მიუხედავად, რომ მათ ამის თაობაზე საჯარო პირობა გასცეს.

ევროპარლამენტი გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მიმართ და მინდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დავარწმუნო, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიშში საუბარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხებზე.

„ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს რეაგირება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით და დადებითად არის შეფასებული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები. ასევე, ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საუბარია 150 მლნ ევროს ოდენობის დახმარებაზე.

აქვე მინდა გამოვყო, რომ ევროკავშირი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება. ასევე, მხარდაჭერას გამოხატავს უვიზო რეჟიმის მიმართ. გახსოვთ, რომ ამ მიმართულებით როგორც მთავრობამ, ისე პარლამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთეები დაცული იყოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოკუპაციაზეც, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე რჩება.

„ანგარიშში დაგმობილია უკანონო ქმედებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება. ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი. მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება, როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად. მოგეხსენებათ, სამი დღით ადრე, 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები. აგრეთვე გუშინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოვიდა და ოკუპირებულ ტერიორიებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, ვინაიდან ჩვენმა ეოპონენტებმა არაერთხელ გაგვაკრიტიკეს და თქვეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს საკმარისად, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში. ამ ანგარიშსა და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს მაღალ რეგისტრში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მომავალშიც ექნებ მხარდაჭერა, რათა სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

„ანგარიშში მოცემულია ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და პრიორიტეტები. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნორებთან ერთად განვაგრძოთ რეფორმები, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მსურს, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, რომლის დამსახურებით, ანგარიში დაბალანსებული და ძალიან საქმიანია. ასევე, მადლობას ვუხდი ყველა ევროპარლამენტარს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთან დაკავშირებულ განხილვაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.