კორონავირუსისგან დასაცავად პირბადე შესაძლოა, ვაქცინაზე ეფექტური იყოს – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

0
52

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-სგან დასაცავად პირბადე შესაძლოა, ვაქცინაზე უფრო ეფექტური იყოს.

„პირბადე „კოვიდ-19“-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიანს მაძლევს, ვიდრე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მომცემს. იმუნოგენურობა შესაძლოა 70 პროცენტი იყოს და თუ არ მექნება იმუნური რეაქცია, მაშინ ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე – კი“, – აცხადებს რედფილდი.

რედფილდმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა ამერიკის მოსახლეობისთვის 2021 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

რედფილდის კომენტარებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფირდი უბრალოდ დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.

„ვფიქრობ, შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა, ალბათ ამას არ გულისხმობდა, ჩემი აზრით, უბრალოდ დაიბნა. პირბადე ვაქცინაზე ეფექტური არ არის და მე ამის შესახებ მას დაველაპარაკე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.