დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებს

0
45

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატებს. აღნიშნული ინიციატივის ინიცირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

​ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. თითოეულმა მათგანმა უნდა წარადგინოს 100-დან 150-მდე კაციანი პროპორციული სია. ასევე, კანდიდატები რეგისტრირებული არიან 30 სამაჟორიტარო ოლქში. შესაბამისად, შემოწმების გავლის ვალდებულება ერთდროულად შეიძლება 9000 პირს წარმოექმნას, რაც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და ქვეყანაში ვირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი რისკების და საფრთხის შემცველია.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ერთჯერადია და ის მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავრცელდება. განსახორციელებელ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება