კომპანიასთან შეთანხმება შედგა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს – კახა კალაძე

0
210

„თბილისის მიკროავტობუსსა“ და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება.

„შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები. მინდა, ირაკლი ხმალაძეს და ყველა ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, მადლობა გადავუხადო“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის განმარტებით, მერია და კომპანია ერთობლივად იწყებენ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

„ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე. ამ შესყიდვაას განახორციელებს მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.