ცესკოს მიერ შემუშავებული „ქცევის კოდექსი“ დაძაბულობის შემცირებისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენაა მიმართული – ნიკა ჩიტიძე

0
39

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძის თქმით, ცესკოს მიერ წინასაარჩევნოდ შემუშავებული „ქცევის კოდექსი“ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის პერიოდში დაძაბულობის შემცირებისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენაა მიმართული.- აცხადებს ნიკა ჩიტიძე.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, კოდექსი არჩევნებში მონაწილე პარტიებს ზნეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ ნებაყოფლობითი ხასიათის ეთიკის ნორმებს წარმოადგენს და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, ის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ზნეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას ანიჭებს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ „ქცევის კოდექსის“ შემუშავებაში ცესკოს დახმარება დასავლელმა პარტნიორებმა აღმოუჩინეს, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI). ცესკოს მიზანია, მოცემული დოკუმენტი მიეწოდოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას. მოსალოდნელია, რომ „ქცევის კოდექსთან“ მიერთების სურვილი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას ექნება. როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს. კოდექსის მიღებას ასევე დადებითაად გამოეხმაურა მმართველი პარტიაც.”- განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე პრაქტიკაში გაითავისოს „ქცევის კოდექსის“ ძირითადი პრინციპები.

„ამ პრინციპების გათვალისწინებაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის ფარგლებში ხელს შეუწყობს არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის გაძლიერებას, პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ფარგლებში დაძაბულობის შემცირებას და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის კონფლიქტური ვითარების თავიდან აცილებას. თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის და თვით არჩევნების ცივილური ვითარების ფარგლებში ჩატარება დადებითად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის პროცესს”,- განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.