კომიდან გამოსული ნავალნი პირველ ფოტოს ავრცელებს

0
29

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა “Charite-ში”, კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველ ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით, გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად სუნთქავდა.

“ჯერ კიდევ არაფერი შემიძლია, თუმცა გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად სუნთქვა შევძელი. სულ ჩემით. არავითარი უცხო დახმარება, ყელში უმარტივესი ვენტილიც კი არ გამომიყენებია. ძალიან მომეწონა”, – წერს ნავალნი “ინსტრაგრამზე”.

შეგახსენებთ, ომსკიდან მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით “ნოვიჩოკით” იყო მოწამლული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს.