ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

0
201

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დღეს იწყება. განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იქნება. სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

ქართულ დელეგაციას იმედი აქვს, რომ რუსეთზე ყოველდღიურ საერთაშორისო ზეწოლას შედეგი აუცილებლად ექნება და ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების თემა განიხილება როგორც კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ მწვავედ არღვევს საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის უფლებებს და როგორ იყენებს მას პოლიტიკური ზეწოლისთვის.

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც, როგორც ჩვენ პარტნიორებს, ასევე ყველას, აჩვენებს რომ რუსეთის ფედერაცია იყენებს ადამიანის უფლებათა საკითხებს პოლიტიკური თამაშებისთვის და ზეწოლისთვის, რაც 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი და მიუღებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. მთავარი ამოცანა, რასაც ვამბობდით, არის ის, რომ პოლიტიკური საკითხები, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხები იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული და ასეთი მეთოდებით არ ხდებოდეს პოლიტიკური ზეწოლა ნებისმიერ ქვეყანაზე. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელი ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

როგორც სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკო გუშინ განაცხადა, იმედი აქვს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

„ყველა საკითხს, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულს, ამ შეხვედრაზე განვიხილავთ. იმედი გვაქვს, რომ მალე გათავისუფლდება, მაგრამ ის ხომ რუსეთის ფედერაციაში არ იმყოფება“, – განაცხადა რუდენკომ.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის განცხადებით, სიტუაცია ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის წინ საკმაოდ დაძაბულია, თუმცა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმედის გამოთქვამს, რომ მხარეები სერიოზული დისკუსიისთვის მზად არიან

რაც შეეხება მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის ერთ-ერთ მთავარ თემას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეების აზრით, ზოგადად დაკავების შემთხვევები აღარ უნდა მოხდეს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს მიმართა, ექიმის უპირობოდ გასათავისუფლებლად, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენონ. ამასთან, მან ყველა მხარეს მოუწოდა, მოლაპარაკებებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ჩართონ. დაკავებული ექიმის მეუღლე საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.