დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

0
203

აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შესახებ აშშ-ის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლახან მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და რუსეთის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის ვაჭრობა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება, ბირთვული შეიარაღების კონტროლი და არჩევნებში ჩარევა. ველოდები უახლოეს მომავალში დიალოგის გაგრძელებას!“ – წერს „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სერგეი ლავროვისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით და მოუწოდა მოსკოვს უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირებისკენ. თუმცა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან არჩევნების საკითხი საერთოდ არ განუხილავს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთისა ან სხვა ქვეყნის მხრიდან აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ვაშინგტონის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდის მიმოწერის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„საპასუხოდ საჯაროდ შევახსენე, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას შევთავაზეთ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში განხორციელებული მიმოწერის გასაჯაროება. ამ მიმოწერიდან გაირკვევა, რომ ჩვენ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის არჩევნებში ჩვენი ჩარევის შესახებ აშშ-ის ეჭვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ობამას ადმინისტრაცია კატეგორიულ უარს აცხადებდა ასეთი თანამშრომლობის დალაგებაზე“, – განაცხადა ლავროვმა.