იმედი მაქვს, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება, მაგრამ ცდებით, როცა ამბობთ, რომ ცხინვალზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს – ანდრეი რუდენკო

0
197

სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ იმედი აქვს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. ამის შესახებ რუდეკომ ჟენევაში, მოლაპარაკებების რაუნდამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.

„ყველა საკითხს, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულს, ამ შეხვედრაზე განვიხილავთ. იმედი გვაქვს, რომ მალე გათავისუფლდება, მაგრამ ის ხომ რუსეთის ფედერაციაში არ იმყოფება“, – განაცხადა რუდენკომ.

თუმცა, შეკითხვაზე, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციაა ის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონზე კონტროლს ახორციელებს, რუდენკომ ჟურნალისტებს განუცხადა – „თქვენ ცდებით“.

„ეს საკითხი განიხილება ამ შეხვედრაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. გაფრინდაშვილს ოჯახს კი ვეტყვი, რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ის თავის ოჯახს დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.