ოკუპირებულ აფხაზეთში “კანონიერი ქურდების” მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ

0
208

სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა ვინმე ერიკ ჭკადუა, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქის ცენტრში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტყვარჩელში დაბადებული, 40 წლის ერიკ ჭკადუა სოხუმის მცხოვრებია. დე ფაქტო შსს-ს ცნობითვე, ჭკადუას ადგილსამყოფლის დადგენის და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

22 ნოემბერს, სოხუმის ცენტრში, რესტორან “სან რემოსთან” მოკლეს ე.წ. “კანონიერი ქურდები” ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა რესტორნის თანამშრომელი გოგონა დომენიკა აკირტავა, რომელიც სროლის დროს მძიმედ დაიჭრა.

დე ფაქტო პროკურატურამ საქმე აღძრა წინასწარი განზრახვით მკვლელობისთვის. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმაში ავტომატებით შეიარაღებული, სულ მცირე ოთხი პირი მონაწილეობდა.

სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის სწრაფად გამოუძიებლობის გამო, 2 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა, ხოლო დე ფაქტო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ე.წ. გენერალურ პროკურორს ზურაბ აჩბას.