„ლელოს“ მიერ რაზმაძეებისთვის ნაჩუქარი კოტეჯი სატვირთოთი გუგუტიანთკარში დატოვეს

0
323

მამუკა ხაზარაძის საჩუქარი ადგილს ამ დრომდე ვერ პოულობს. „ლელოს“ დამფუძნებლისაგან გუგუტიანთკარის უბინაოდ დარჩენილ მცხოვრებს კოტეჯი უნდა მიეღო. ხის მასალით დატვირთული მანქანა სოფელში ჩავიდა, თუმცა ვერსად დაიცალა და ადგილზე დატოვეს.

სანამ გუგუტიანთკარში ჩაიტანდნენ კოტეჯის ფიცრებით დატვირთული მანქანა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. 

„ლელოს“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ კოტეჯი სოფელ გუგუტიანთკარში განთავსდეს. ლევან რაზმაძე კი აცხადებს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან გუგუტიანთკარში კოტეჯის ჩადგმის შემთხვევაში ისინი დაცულები ვერ იქნებიან. რაზმაძეები მოძრაობას წინადადებით მიმართავენ, კოტეჯი გადაეცეთ, საცხოვრებელ ადგილს კი თავად განსაზღვრავენ. 

„ამ წუთში ფიზიკურად არ არის ისეთი ადგილი, რომ დავდგა და ვიცხოვრო, სხვის სახლში ვერ შევიჭრები და ვერავის ვერ დავუდგამ. გინდა გუგუტიანთკარში იყოს და სადაც გინდა. თუ მჩუქნის, და მადლობელი ვარ, თუ აუცილებელია რომ ეს კოტეჯი ამ წუთში გადმომცენ, ადგილი მაქვს დავცლი, გამოვნახავ იმადგილს“, – განაცხადა ლევან რაზმაძემ. მისი თქმით, ოჯახმა მოძრაობას ფიცრების გორში ჩამოცლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

კონსტრუქციის აწყობა რამდენიმე საათშია შესაძლებელი და ის 45 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლად კეთდება. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა

16 აგვისტოს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში მცოცავი ოკუპაციის შედეგად სახლის გარეშე დარჩენილი გივი რაზმაძის ოჯახს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.