საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
223

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ კომპლექსში შემავალი „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი კვლავ გადაუჭრელია. განცხადების თანახმად, საპატრიარქო მხარს არ უჭერს დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.

“ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახან საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმულიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად იქნებოდა ბუნდოვანება.

„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის; ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტობრივად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ.

ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.

ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება”, – წერია განცხადებაში.

8 ოქტომბერს ილია მეორემ დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავრობას წერილით მიმართა. 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. აგვისტოში საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა.