თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება

0
204

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს.

სესია მუშაობას დღეს შეუდგება და მას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახსნის. დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პარლამენტების წევრები.

სესიის ფარგლებში ენერგოუსაფრთხოების, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

ასამბლეა ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციებს მიიღებს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში მუშაობას 10 დეკემბერს, ასამბლეის ვიცეპრეზიდენტების ანდრიუს კუბილიუსისა და ივან კრულკოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულებს.