ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნებისთვის პროცესი წინ წავიდეს – კარლ ჰარცელი

0
269

იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება და დისკუსია მეტ სიცხადეს შეიტანს პროცესში, რა ვარიანტები შეიძლება გამოჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, დიალოგს დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს შემდგომი არჩევნებისთვის.

„ახლა არ შემიძლია ვთქვა, რამდენად შორს ან სწრაფად წინსვლას შევძლებთ. როგორც აქამდეც მითქვამს, მიხარია, რომ ეს შეხვედრა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება და დისკუსია მეტ სიცხადეს შეიტანს პროცესში, რა ვარიანტები შეიძლება გამოჩნდეს.

დიალოგის შემდეგ გვეცოდინება, რა შედეგამდე შეიძლება, მივიდეთ, მაგრამ დიალოგი უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ეს ევროპარლამენტარებმაც თქვეს, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ სიტუაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ დიალოგს დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს შემდგომი არჩევნებისთვის და დემოკრატიისთვის“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.