ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0
207

მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„ადამიანის უფლებათა ფრონტის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მანიფესტაციის დაწყებამდე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 11 მომიტინგე დააკავა.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომიტინგეებს მშვიდობისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ „მთავრობა შეცდომებს აღარ გაიმეორებს და ამჯერად კრიტიკულ აზრს მშვიდად მოისმენს“.

რაც შეეხება მსვლელობის ორგანიზატორებს, მათი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების უკანასკნელი შანსი, შეასრულოს მომიტინგეთა მოთხოვნები, გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებულები და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 24 ნოემბერს ჩატარდა, პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს.