ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

0
264

დღეს, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება.

პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.

მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი შეხვედრის დასრულებისთანავე.

ამის მიუხედავად, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის გამოთქვეს მზადყოფნა. დიალოგის გაგრძელების ინიციატორია დიპლომატიური კორპუსი.

ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.